ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შსს ოზურგეთში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. კადრებში დაფიქსირებული პირები გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან.

„ამ ფაქტის ირგვლივ, ასევე, ჩატარდება სხვა საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული პირების დაკითხვა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 15 ივნისს ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის – ბესიკ ქათამაძის ცემის ფაქტზე დაიწყო. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა და ბრალი წარედგინა ინციდენტში მონაწილე პირს, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, ტარიელ აროშიძეს.

შეგახსენებთ, რომ „კურიერმა“ გაავრცელა კადრები, სადაც საუბარია, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას სთავაზობს. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების თქმით, მმართველი გუნდის წევრებმა მათ საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ, “ქართული ოცნების” წევრებთან ფიზიკური ანგარიშსწორება შესთავაზეს.

იტვირთბა....