მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მმართველ გუნდში მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია არაა.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობის მცირე კონცეფცია მისაღებია, ნაწილი კი თვლის, რომ უკვე გაერთიანებული სამინისტროებიც უნდა დაიშალოს.
„მცირე მთავრობის კონცეფციას ვემხრობი, იმიტომ რომ პირველ რიგში, ადამიანებს როდესაც აქვთ ძალიან ბევრი პრობლემები პირველი კრიტერიუმი არის ის, რომ მთავრობა თავის თავზე გონივრულ თანხას უნდა ხარჯავდეს. გონივრულობა არ ნიშნავს მაინცდამაინც დაბალ ხელფასებს,“ – აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრისა და სამინისტროს საკითხს, რომან კაკულიას განცხადებით, იუსტიციის სამინისტროში პრობლემები არსებობს, თუმცა დასადგენია, ამ პრობლემების არსებობაში პირადად თეა წულუკიანს მიუძღვის თუ არა წვლილი.
„გამოწვევები ამ სფეროში რომ არის მგონი ჩვენ რომ საგამოძიებო კომისია შევქმენით ამის დადასტურება იყო, თუმცა ქალბატონი წულუკიანის პირადი, სუბიექტური მიზეზი რამდენად არის ამ რეალობის შექმნაში ეს არის გასარკვევი, თორემ არავინ უარყოფს, რომ ამ სფეროში პრობლემები არის“-აცხადებს კაკულია