კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტები ანატოლი ბიბილოვი და რაულ ხაჯიმბა ხვალ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან.
ვლადიმერ პუტინი „ლუჟნიკის“ სტადიონზე 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას და რუსეთისა და საუდის არაბეთის ნაკრებების თამაშს დაესწრება.
„საზეიმო ცერემონიას ასევე დაესწრებიან სხვა სახელმწიფოების ლიდერები და მთავრობის მეთაურები. კერძოდ, აფხაზეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბოლივიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, პანამის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, სამხრეთ ოსეთის, რუანდის, პარაგვაის პრეზიდენტები, სომხეთისა და ლიბანის პრემიერ-მინისტრები, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი და ასევე ჩინეთის უზენაესი სახალხო კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარე“, – განაცხადეს კრემლის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩატარდება. რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. თამაშები რუსეთის 11 ქალაქში გაიმართება.