დაზარალებულ ელჩინ ალახვერდიევის ადვოკატმა ეკატერინე მიდოდაშვილმა განაცხადა, რომ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა დამამცირებელ, არაადამიანურ მოპყრობას, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფასა და სექსუალური ძალადობის მუქარას. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
ადვოკატის განცხადებით, სექსუალური ძალადობის მუქარას კონკრეტულად მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მხრიდან ჰქონდა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჩვენება უკვე მისცა. დღეს დავესწარი მხოლოდ და მხოლოდ დადგენილების გამოტანას. ის უკვე დაზარალებულად არის ცნობილი. მას გაესაუბრა ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი. თითქოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თვითონ ელჩინ ალახვერდიევი დაიკარგა და მას ოჯახის წევრები ეძებდნენ. ეს არის სრული სიცრუე, აქ იმყოფება და მიმდინარეობს კიდევ სხვადასხვა პროცედურის განხორციელება“, – განაცხადა ადვოკატმა.
ეკატერინე მიდოდაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ აზერ სულეიმანოვზე ჩვენებაში ძირითადად ჰყვება, რომ სულეიმანოვმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„სულეიმანოვზე ძირითადად ჰყვება, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში სილა გაარტყა. პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მოხდა მოქმედება, შემდეგ გადაინაცვლა ჩაიხანას მოპირდაპირე ტერიტორიაზე. დაზარალებული მივიდა ოფისში, დაიბარეს, რადგან გარკვეულიყო სიტუაცია, თუ რატომ მიაყენა აქციაზე შეურაცხყოფა მარნეულის მერის მეუღლეს. ვინაიდან ეს მან სპონტანურად გააკეთა და არც „ქართული ოცნების“ მხარემ იცოდა ამის შესახებ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარემ, უბრალოდ ამის გარკვევა უნდოდათ, ერთმანეთს აბრალებდნენ, რომ ჩვენ ეს არ გვითქვამს, რომ ასე მოქცეულიყო და შეურაცხყოფა მიეყენებინა, არა – თქვენ უთხარითო. ასეთი დიალოგი იყო მათ შორის და ამის გარკვევა და აღმოფხვრა უნდოდათ“, – განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი რომელიმე პარტიის აქტივისტი არ ყოფილა.
„უბრალოდ განაწყენებული იყო მერზე. მან იმიტომ მიაყენა აქციაზე შეურაცხყოფა, რომ რამდენჯერმე მისული იყო მასთან დასაქმების კუთხით, თემურ აბაზოვმა არ მოუსმინა და კაბინეტიდან გააძევა“, – განაცხადა დაზარალე ბულის ადვოკატმა.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აზერ სულეიმანოვმა რუსთავის პროკურატურასთან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი იცის და აღნიშნა, რომ დაზარალებულს არ იცნობს.
საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქალაქ მარნეულში მოქალაქე ელჩინ ლახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ბრალდებულად იქნა დაკავებული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია „ქართული ოცნებიდან“ რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე ე.გ-ს მიმართ. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა.