ვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, ჩვენ დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
„მკვლელი ვინ არის – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს მაშინ უთხრა, როცა ეს პირები დააკავა და მაშინ, როცა საქმე სასამართლოში წარმართა. გასაგებია, რომ დადგა განსხვავებული შედეგი, თუმცა ობიექტური გარემოებების შესახებ, რამაც ამ შედეგზე გავლენა მოახდინა, მე ძალიან ბევრი ვისაუბრე. რა შეიცვალა სასამართლოში, მათ შორის, რა შეიცვალა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა, ამ ახალი გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებებს ვატარებთ და ცალსახად შემიძლია ვთქვა…
ჩვენ ვთქვით გამოძიების დასასრულს, ჩვენ დავხატეთ სრული სურათი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყო მკვლელობის ჩამდენი პირი, ეს სურათი სასამართლოზე შეიცვალა. ახლა ჩვენ, ბრალდების მხარე, პროკურატურა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში დადგეს ის შედეგი, რომელიც უნდა დადგეს.
სარალიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს, ეს ადამიანურად აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის, თუმცა მე მას მოვუწოდებ, ნდობის საფუძველი ნამდვილად არსებობს, თუნდაც იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან ძალიან მოკლე დროში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგა. ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოწმეებზე ზემოქმედების მიმართულებით და შედეგი უკვე ორი ადამიანის დაკავების სახით გვაქვს, თუ გამოვლინდება და მკვლელობაში დამატებით სხვა პირების მონაწილეობის ეჭვი გაჩნდება და ეს დადასტურდება მტკიცებულებებით, ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, დამერწმუნეთ, რომ ამ საქმეზე შედეგი დადგება. თუ იქნება, პირობითად ვამბობ, მესამე მკვლელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის ზომებს გაატარებს. თუმცა, ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობის გარეშე ვარაუდების საფუძველზე განცხადებების გაკეთებისგან.
საგამოძიებო კომისიაზე ჩვენ ყველა შეკითხვას გავცემთ პასუხს. რაც შეეხება ჭრილობების რაოდენობას, რაც შეეხება მკვლელების რაოდენობას, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დავადგინეთ მკვლელობის ჩამდენი პირები, სამწუხაროდ, ეს სასამართლომ არ გაიზიარა. ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოში შესაბამისი შედეგი დადგეს და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამის პარალელურად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ საქმეში მესამე, მეოთხე და სხვა პირი მონაწილეობდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დავაყენოთ.
გამოძიებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ვიღაცების მოსაზრებით და თუნდაც, შინაგანი რწმენით, თუნდაც ჩემი საგამოძიებო უწყების, თუნდაც პროკურორის, თუნდაც მოსამართლის შინაგანი რწმენით, თუნდაც ეჭვებით, რომ ვიღაცა არის მკვლელი, ასე არც დაკავება ხდება პირის, არც ბრალის წარდგენა და არც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ მათ შორის მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, გ.ბ, რომელსაც ბრალი, როგორც ლევან დადუნაშვილის ასევე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში ედებოდა, მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობის ეპიზოდს, სასამართლომ გ.ბ. ამ ნაწილში სრულად გაამართლა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, რომელსაც პროკურატურა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, სასამართლომ გ.ჯ.-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მკვლელების, მათი ხელის დამფარებლებისა და საქმის პროკურორების დაკავების მიზნით აქციებს მართავს. აქციების დაწყების შემდეგ თანამდებობა დატოვა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ. პარლამენტში შეიქმნა დროებით საგამოძიებო კომისია, რომელმაც აღნიშნული საქმე უნდა გამოიძიოს.
სარალიძე აცხადებს, რომ ის კომისიას ენდობა. გარდა ამისა, მან ერთკვირიანი ტაიმ-აუტი გამოაცხადა, აქციები შეწყვიტა და ხელისუფლებას მისი მოთხოვნების შესასრულებლად სწორედ ერტკვირიანი ვადა მისცა.