“ტვ პირველის” ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრის პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაიკავებს.
რაც შეეხება მთავარი პროკურორის თაანმდებობას, აქ წარგდენილი იქნება სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი. თავის მხრივ, კახიშვილს მიხეილ დარახველიძე შეცვლის.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს სამთავრობო ცვლილებები მოხდება და თანამდებობას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დატოვებენ.
დღეს “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც პრემიერიც დაესწრება და ერთ-ერთი განსახილველი თემა, სწორედ სამთავრობო ცვლილებები იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი, აქცია #ნუმომკლავ მონაწილეები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. მათი განცხადებით, სწორედ წულუკიანმა დანიშნა თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე და ამიტომ მთავარი პროკურორის ბედი უნდა გაიზიაროს იუსტიციის მინისტრმა და თანამდებობა დატოვოს.
რაც შეეხება დიმიტრი ქუმსიშვილს – გავრცელებული ინფორმაციით, მას თანხების გაფლანგვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.