ზაზა სარალიძე იმ პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლებას და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარებას ითხოვს, ვინც გუშინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად ამ წუთებში უნდა შევიდეს.
როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა არამხოლოდ უფლებამოსილებას გადაამეტეს, არამედ ზეწოლა მოახდინეს როგორც მასზე, ასევე ზვიად კუპრავაზე და მაგიდასთან მყოფ სხვა პირებზე.
“პირველ რიგში მე არ უნდა მიმემართა, თავად უნდა დაეწყოთ რეაგირება იმაზე რაც გუშინ სასამართლოს სასადილოში მოხდა, მაგრამ რომ ვნახე არანაირი რეაგირება არ არის მე თვითონ დავუკავშირდი გენინსპექციას და მოვითხოვე რეაგირება. დღეს დამიბარეს და ვისაუბრებ იმ დეტალებზე რაც მოხდა იქ. ჩვენ ვისხდით, ვჭამდით საჭმელს, შემოცვივდნენ სასადილოში და მოსთხოვეს ზვიად კუპრავას დარბაზში ასვლა, მოსამართლე გიბარებსო, არადა, ეს იყო მოგონილი. ამის შემდეგ მაშინვე ძალადობაზე გადავიდნენ, ძალით გაათრიეს ზვიად კუპრავა, თავზე დაგვამხეს მაგიდა, გადმოგვიყარეს საჭმელ-სასმელი, დავით ლაგვილავას ხელით შეეხნენ, ჯიკაობის დროს ჩემსკენაც გამოიწიეს. ეს იყო სრული მარაზმი, ჭამა არ გვაცადეს ელემენტარულად. სამართალდამცავი იქით უნდა გიცავდეს და პირიქით მოდის ზეწოლაზე”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, ის აუცილებლად დაინტერესდება თუ რატომ მოხდა სასადილოში ინციდენტი. სარალიძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიციელი, ვინც სასადილოში იმყოფებოდა დასაკავებელია.
“გადაცდომა კი არა დასაკავებლები არიან ყველანი. ვინც იყო იქ პოლიციელი ყველა დასაჭერია. კონკრეტული პოლიციელების მიმართ ვითხოვ რეაგირებას, ხელმძღვანელები კი თვითონ გადაწყვიტონ, არიან თუ არა დასაჭერები. კონკრეტული პოლიციელები განთავისუფლებული უნდა იყვნენ სამსახურიდან და შესაბამისი სამართლებრივი ფორმა უნდა მიეცეს ყველაფერს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.