ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მოქალაქე უკრაინიდან ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნივთების გატანას ცდილობდა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კომუნიკაციების დეპარტამენტი იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქე უკრაინიდან 13 ძველებური სამოვარისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე სხვა ნივთების გატანას ცდილობდა.

„გუშინ „ილიჩევსკის საზღვაო სავაჭრო პორტის“ გამშვებ პუნქტზე, ბათუმში მიმავალი თბომავლის გაფორმების დროს მესაზღვრეების ყურადღება მიიპყრო ერთ-ერთი მგზავრის, საქართველოს 37 წლის მოქალაქის ბარგმა. მესაზღვრეებმა მისი პირადი ნივთები შეამოწმეს, რის შედეგადაც 13 სამოვარი, ჩაიდანი, სანაყი და ყავადანი აღმოაჩინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნაპოვნი ნივთები, შესაძლოა, კულტურულ ფასეულობას წარმოადგენდეს, ამიტომ სასაზღვრო სამსახურმა მათი კონფისკაცია მოახდინა და ექსპერტიზაზე გაგზავნა.

ბარგის მფლობელი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ძიება უკრაინის საბაჟო კოდექსის 472-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

იტვირთბა....