ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოფხაძე: “პოლიტიკური მოთხოვნები პროცესს ჩიხში შეიყვანს”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რუსთაველზე მიმდინარე აქციის შესახებ განაცხადა, რომ პოლიტიკური მოთხოვნები პროცესს ჩიხში შეიყვანს და დაგვაკარგვინებს მთავარ მიზანს – მართლმსაჯულების აღსრულებას.

დეპუტატი არარელევანტურად მიიჩნევს აქციის მონაწილეთა მოთხოვნას იუსტიციის და შს მინისტრების გადადგომის თაობაზე.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, საკითხი არ გადავიდეს ისეთ სივრცეში, რომელიც საერთოდ დაგვაკარგვინებს იმის შესაძლებლობას, რომ მიზანი იყოს მიღწეული. მიზანი არის მართლმსაჯულების აღსრულება და საქმეზე სამართლიანობის დადგენა, ამიტომ ყველა ის მოთხოვნა, რომელიც ამ პროცესის პოლიტიზირებას გამოიწვევს და დაშორდება თვითონ ამ მიზანს, პირიქით, ხელს შეუწყობს საზოგადოების გაუცხოებას ამ პრობლემასთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა თანავუგრძნობთ შვილმოკლულ მამას და ყველას გვინდა, გავარკვიოთ რა მოხდა, მსგავსი მოთხოვნები ამ პროცესს ძალიან დაგვაშორებს. პოლიტიკოსების მძველად არ უნდა იქცეს პროცესი.

მე მესმის, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში არსებობს ეჭვები და ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზია დავაყენოთ, რომ თუ შოთაძე გადადგა, ყველა რატომ არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, მაგრამ არის რეალობა, ქვეყანს სჭირდება სამართლებრივი განვითარება. იმ მინისტრების წასვლით, ვინც ახორციელებდნენ რეფორმებს, მართლა ცდილობდნენ, ქვეყანაში სამართლებრივი გარემო შეეცვალათ და სწორი ნაბიჯებით ქმნიდნენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს, ეს საქმე ვერაფერს მოიგებს.

თუ მექნება იმის რწმენა, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებით ამ საქმის სასარგებლო შეიძლება რაღაც მოხდეს, შეიძლება ამ მოთხოვნების რელევანტურობაზე მეც ვიფიქრო, მაგრამ არ არის ეს სწორი. უნდა ვიფიქროთ მართლმსაჯულების აღსრულებაზე და არა პოლიტიკურ მოთხოვნებზე, რომელიც ამ პროცესს ჩიხში შეიყვანს და დაგვაკარგვინებს მთავარ მიზანს – მიზანი კი არის მართლმსაჯულების აღსრულება“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამასთან, ფოფხაძე სამართლებრივად არასწორად მიიჩნევს რუსთაველის გამზირზე კარვების დადგმას და იხსენებს მის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდს, როდესაც მომიტინგეებს გზას არავინ გადააკეტინებდა, თუ მათი რაოდენობა ფიზიკურად არ იყო საკმარისი.

„ვიღაცას შეიძლება გაუხარდეს, რომ ჩვენ კონფლიქტში შევიდეთ საპროტესტო აქციასთან, მაგრამ საზოგადოებას ეს არ სჭირდება. მე მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს – თუ არ გავლენ სამართლებრივ ჭრილში და არ ითანამშრომლებენ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, პროცესი არაჯანსაღ ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....