ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სარალიძე სუბელიანის დაკავებაზე: “ეს გადმოგდებული საკენკია, ვის ატყუებენ ამით?”

მირზა სუბელიანის დაკავების შემდეგ ზაზა სარალიძე პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ეს მისთვის გადმოგდებბული საკენკია.

“მე საუბარი არ მქონია მხოლოდ მირზა სუბელიანზე. კონკრეტული პირები ჩამოვუთვალე: მიხეილ კალანდია, ამ საქმის პროკურორები, რომლებიც პირდაპირ პასუხისგებაში არიან მისაცემი. მირზა სუბელიანის დაკავება მხოლოდ შეუტყობინებლობაზე ეს არის აბსურდი ჩემთვის. მედიით გავიგე, რომ ვიღაც ექსპერტები და სკოლის დირექტორი ჰყავთ დაკითხვაზე დაბარებული. კარგით რა, ხალხო. საქმის პროკურორებს, რომლებმაც პირდაპირ გააყალბეს საქმე ამ ხალხს არ იბარებენ დაკითხვაზე და რა შუაშია აქ სკოლის დირექტორი? ვის ატყუებენ ამით? საზოგადოების მოტყუება უნდათ, რომ აი, ჩვენ მირზა სუბელიანი დავაკავეთ? აღარ მოსწყინდათ ეს სულელური ქმედებები”, – აცხადებს სარალიძე.

მისივე თქმით, მკვლელობის ადგილზე სუბელიანზე ადრე მისი შვილი და მეუღლე იმყოფებოდნენ და მაშინ ისინიც უნდა დაეკავებინათ.

„ვიდრე მირზა სუბელიანი კალანდიების ოჯახში მივიდოდა, მანამდე იქ იმყოფებოდნენ მისი მეუღლე და შვილი, რომელიც რამდენიმე საათში მირზა სუბელიანმა წარადგინა საგამოძიებო უწყებაში ჩვენების მისაცემად. თუ მირზა სუბელიანმა ნახა ჩემი შვილის მკვლელი, საზოგადოებას და გახარიას უწყებას მინდა ვკითხო, მისმა შვილმა არ დაფარა ვინ იყო მკვლელი, რომლის მოწვევითაც იყო იქ მისული? ამასთანავე, მირზა სუბელიანის შვილი არ არის დაკავებული ამ საქმის ორგანიზებისთვის. მისი მეუღლე, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა მკვლელი ვინც იყო, რატომ არ არის დაკავებული?,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ში მორიგი დაკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მამა, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს.

 

 

 

იტვირთბა....