მირზა სუბელიანის დაკითხვაზე ადვოკატი შევიდა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, რა სახის საგამოძიებო ღონისძიება ტარდება ამჟამად სამინისტროში და ვერც იმას, დააკავეს თუ არა მირზა სუბელიანი.
ადვოკატის განცხადებით, ის სუბელიანთან მისი ოჯახის თხოვნით შედის.
მირზა სუბელიანი შსს-ში დღეს დაახლოებით სამი საათის წინ შევიდა. ეს მისი უკვე მესამე დაკითხვაა. დაკითხვამდე შესვლის წინ, მან განაცხადა, რომ დაბარება გამოძიებისთვის თანამშრომლობას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის მიერ ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ხვალ იწურება. სარალიძე კონკრეტული პირების დაკავებას ითხოვს, მათ შორის სუბელიანის, რომელსაც ხორავას საქმის მონაწილესთვის ხელის დაფარებაში ადანაშაულებს.