ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზაზა სარალიძე: “მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არა ზღაპარიკოს აღმოჩენას”

ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისულელეებს მორჩნენ და შაბათს უკვე ველოდები შედეგებს, – ასე გამოეხმაურა “ტვ პირველის” ეთერში ზაზა სარალიძე ხორავას საქმესთან დაკავშირებით მერაბ მორჩაძის დაკავებას.

“ის ინფორმაცია, თითქოს ეს პირი მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ახდენდა, ახალი არ არის. ამასთან დაკავშირებით ძიება 11 აპრილს დაიწყო, როდესაც მიხეილ კალანდიამ სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სისულელეებს მორჩნენ და შაბათს უკვე ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ კონკრეტული პირების დაკავებას და არა ზღაპარიკოს აღმოჩენას.

ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახლა კი არ აღმოაჩინა, ზვიად ფხაკაძე 15 აპრილს პირდაპირ მეუბნეოდა, წარმოგიდგენ სამ პიროვნებას, რომელმაც მიხეილ კალანდიაზე ზეწოლა განახორციელაო. უბრალოდ ახლა გავიგე სახელი და გვარი. ეს არის უმსგავსობა. რას მეთამაშებიან, იგივე პროცედურებს გადის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რასაც გადიოდა პროკურატურა… რა მერაბ მორჩაძე, მკვლელებზე მაქვს ლაპარაკი”, – განაცხადა სარალიძემ.

შსს-მ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავა.

„ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.

მერაბ მორჩაძის დაკავება განხორციელდა მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

იტვირთბა....