ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კაკულია: “სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო კოდექსით ბევრი საჭირო საკითხი მოწესრიგდება”

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს“ პირველი სხდომა გაიმართა.

„სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო კოდექსი“ პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო და უახლოეს სხდომაზე მესამე მოსმენაც იგეგმება. თუმცა, როგორც სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ განაცხადა, არსებობს მრავალი საკითხი, რომლებიც კოდექსში უნდა აისახოს.

„კოდექსი ბევრი საჭირბოროტო საკითხის მოგვარებისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი გამოწვევა, ბევრი კითხვაა და ისეთი თემებია, რომლებსაც, ჩემი აზრით, სჭირდება აჩქარების გარეშე მუშობა. კოდექსზე ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, რომელსაც თერთმეტწლიანი მუშაობის შეჯამება შეიძლება დავარქვათ. ამ კოდექსით ბევრი, საზოგადოებისათვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხი მოწესრიგდება, მაგრამ რჩება საკითხები, რომელთაც სჭირდება ფართო საზოგადოების, ექსპერტების ჩართულობა და მუშაობის გაგრძელება“.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, სადაც დარგის ექსპერტები, არქიტექტორები, მშენებლები, ინჟინრები და ურბანისტები არიან გაერთიანებული.

კომისიის წევრები დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ მომავალი სამუშაო შეხვედრების გრაფიკზე და რეგლამენტზე. ითქვა, რომ თანმიმდევრულად განიხილავენ ყველა იმ საკითხს, რომლებიც კოდექსში საჭიროებს თავმოყრას. მათ შესახებ იმსჯელებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრიოსთანაც და ამის შემდეგ მოხდება კომიტეტის მიერ ახალი საკანონმდებლო ცვლილებების დაინიცირება.

იტვირთბა....