ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ჩურჩულის დრო აღარაა”: ზაზა სარალიძემ სუბელიანის დაკითხვის შემდეგ კომენტარი გააკეთა

“ჩურჩულის დრო აღარ არის, საზოგადოება ელოდება სიმართლეს. დროა ყველაფერი გამჭვირვალე გახდეს” – ასეთი განცხადება გააკეთა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის დაკითხვის შემდეგ შს სამინისტროს შენობიდან გამოსვლისას.

მისი თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ხელისუფლება გონს მოვიდოდა და მირზა სუბელიანს ბრალდებას წაუყენებდნენ.

სარალიძის თქმით, როგორც მინიმუმ, სუბელიანმა ნახა მკვლელი კალანდიების ოჯახში და სამართალდამცველ სტრუქტურებს არ შეატყობინა.

„რას ჰქვია გაუთქმელობაზე ხელის მოწერა, მე ვეღარ ვხვდები. პირიქით, საზოგადოება დაინტერესებულია, რა ხდება და რასთან დაკავშირებით მიდიოდა მირზა სუბელიანის დაკითხვა. მე მაგათთვის ულტიმატუმი არ წამიყენებია, რომ ჩუმად აწარმოონ ეს საქმე. 6 თვე ჩუმად აწარმოეს და შედეგიც მივიღეთ. გაუთქმელობაზე კი არა, თვითონ შს მინისტრმა გააკეთოს ბრიფინგი, რასთან დაკავშირებით იკითხებოდა მირზა სუბელიანი და რა გამოიკვლიეს“, – განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების შემდეგ საავადმყოფოში დაიღუპა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე შეეფარდა.

ამის შემდეგ დაიწყო საპროტესტო აქციები. პრემიერი კვირიკაშვილი აქციაზე მივიდა, მაგრამ მას ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა პარლამენტის შენობა. მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შემდეგ შვილმკვდარი მამები პრემიერს პირადად შეხვდნენ, სადაც დაითქვა დრო – 10 ივნისი, რომლის შემდეგაც, როგორც დანონსდა, თუკი ადეკვატური პასუხები გამოძიების მხრიდან არ იქნება, აქციები ისევ გაგრძელდება.

იტვირთბა....