ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტატუნაშვილის, ბაშარულის საქმეები და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები: ერთ საათზე მეტია ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს

ერთ საათზე მეტია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მორიგი შეხვედრა იმართება. მონაწილე მხარეებს დღეს საქართველოს წარმომადგენელი სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას წარუდგენს, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ჩაუტარდა.

ექსპერტიზამ ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის სხეულზე 100-ზე მეტი ისეთი ჭრილობა დააფიქსირა, რომელიც მას სიკვდილამდე ჰქონდა მიყენებული.

დასკვნაში სიტყვა წამება ნახსენები არაა, მაგრამ აღწერილი დაზიანებები ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას ნამდვილად იძლევა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ დღეს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხს დააყენებენ.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის ფაქტს. ასევე, ვისაუბრებთ დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებულ პასუხგაუცემელ კითხვაზე. გამახვილდება ყურადღება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე, ჩვენი თანამოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებსა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე,“ – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი ჯერ კიდევ წინა შეხვედრაზე დადგა, თუმცა მაშინ სეპარატისტებმა დრო დღევანდელ შეხვედრამდე ითხოვეს.

იტვირთბა....