ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

საეჭვო გარემოებები “ხორავას ქუჩის საქმეში”: სახალხო დამცველი პირველ დასკვნებს აკეთებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, “ხორავას ქუჩის საქმეში” გარკვეული გავლენები და გამოძიების პროცესში არასწორი ჩარევები იკვეთება. მისი თქმით, ნაწილობრივ არაპროფესიონალიზმსაც აქვს ადგილი. მისი ვარაუდები გამოძიების იმ მასალებს ეყრდნობა, რასაც ომბუდსმენის ოფისი შინაგან საქმეთა სამინისტროში ეცნობა.

“ამ ეტაპზე, ზოგადი ინფორმაცია ეხება გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას, როცა საჭირო იყო, გარკვეული მასალების და მტკიცებულებების ამოუღებლობას, არასათანადოდ საქმის მასალების ჩაკერებას ან ამოღებას, ასევე, ჩვენებებს, რომლებიც ნამდვილად იძლეოდა განგაშის საშუალებას და ამ მიმართულებით ან ზედაპირული იყო დაკითხვა, ან საერთოდ არ წარიმართა”. – ამბობს სახალხო დამცველი.

ლომჯარიას თქმით, “ხორავას ქუჩის საქმეში” ბევრი ინტერესის თანხვედრას ჰქონდა ადგილი. ამ საქმის გამოძიება არ არის მნიშვნელოვანი მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, ამ საქმის გამოძიება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს სისტემა შეიცვალოს,” – აცხადებს ლომჯარია.

ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მასალებში აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების შესახებ ინფორმაციას მედიას უახლოეს მომავალში მიაწვდის.

შეგახსენებთ, პრემიერი შვილმოკლულ ოჯახებს შეხვდა, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზაზა სარალიძეს. ამ შეხვედრის შემდეგ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მიუხედავად დაპირებებისა და 10 ივნისამდე მიცემული ვადისა, აქციები მაინც გაგრძელდება.

ამ შეხვედრას წინ უსწრებდა საპროტესტო აქციები, სადაც შვილმკვდარი მშობლები არასწორი გამოძიების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. მათ შორის იყო ზაზა სალარიძე, რომლის შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლია.

იტვირთბა....