“კომისია უნდა შექმნილიყო იმისთვის, რომ ხალხში ნდობა გაზრდილიყო. კომისიის სიითი შემადგენლობა ძალიან ბევრ კითხვას იწვევს. სიაშია ადამიანი, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ვეძახით, რომ არის არჩევნების მთავარი გამყალბებელი. ასე სახელობითად რომ გავყვეთ, კომისიის ყველა წევრთან მიმართებაში ჩნდება კითხვები. არა მგონია ამ კომისიამ საზოგადოეობაში ნდობა დააბრუნოს“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით.
17-კაციან კომისიაში უმრავლესობით – 9 წევრით “ევროპული საქართველოა“ წარმოდგენილი, ხოლო “ქართული ოცნება“ წარმოდგენილია ექვსი დეპუტატით.
კომისიის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობიდან: არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფო კილაძე.
“ევროპული საქართველოდან“: – სერგი კაპანაძე, ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ოთარ აბესაძე, სერგო რატიანი, ხათუნა გოგორიშვილი, მამუკა ჩიქოვანი, გიგა ბოკერია და ირმა ნადირაშვილი.
ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსიდან“ – ადა მარშანია და ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატი – სალომე ზურაბიშვილი. კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.