მეტროს გაფიცულმა მემანქანემ, ზაზა ბარბაქაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ მხარეებს შორის დოკუმენტურად გაფორმდება შეთანხმება, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ხელფასები გაგვეზრდება, მუშაობას ხვალ დილიდანვე განვაახლებთ.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით მემანქანეებს და მერიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია არსებობს.
„ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა შედგეს, რათა 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ. გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან და არსებული სიტუაცია აუხსნეს და ხალხმაც გაიგო. თუმცა ხალხი ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვს. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო ხვალ დილიდან აუცილებლად ამუშავდება. თუმცა არ მგონია, 06:00 საათიდან, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება სჭირდებათ”, – განაცხადა ზაზა ბარბაქაძემ.
მისი თქმით, თუ შეთანხმება შედგა, მეტროს მუშაობა ხვალ დილით 08:00 საათიდან განახლდება.
„ამის თაობაზე ყველა მემანქანე არ არის ინფორმირებული, რადგან ზოგი ამ წუთში აქ არის, ზოგი მანქანაში ზის. როცა შეთანხმება შედგება, ყველა იქნება ინფორმირებული”, – აღნიშნა ბარბაქაძემ
შეგახსენებით, რომ თბილისის მეტროპოლიტენი უკვე ორი დღეა გაჩერებულია. თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გვიან ღამით შეხვედრა შედგა, რომელიც კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. მემანქანეებმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს.