თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვას და დედაქალაქში შექმნილ სატრანსპორტო პრობლემებს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებას საკმაოდ მძიმე ვითარება შეიძლება დავარქვათ, თუმცა არა კოლაფსი.
მისი თქმით გაფიცულ მემანქანეებს საზოგადოება მძევლად ჰყავთ აყვანილი. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ მეტროს თანამშრომლების ხელფასი დაბალი ნამდვილად არ არის.
“მგონია, რომ მეტროს გაფიცული მუშაკები გარკვეულ დასკვნას გამოიტანენ მიმდინარე მოლაპარაკებებიდან და შეუდგებიან მუშაობას, რათა მთელი ჩვენი საზოგადოება მძევლად არ ჰყავდეთ. არსებობს პოლიტიკური პროცესი, რომელიც სახელმწიფო სექტორში დასაქმებული ხალხის მარგინალიზაციას ახდენს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან აკეთებს შედარებას, რომელსაც ნამდვილად არ აქვს მაღალი ხელფასი. თუმცა ვერ ვიტყვით ჩვენ ამას მეტროს მემანქანეებზე. დარიცხული ხელფასია დათვლილი, 13-ე ხელფასი, პრემიები, განაცდური, დამატებითი სამუშაო, დაზღვევა და სოლიდური შემოსავალი გამოსდით”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
მეტროს გაფიცული მემანქანეები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მთავრობასთან მოლაპარაკებები დღეს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ წუხელ მეტროს მემანქანეებმა გლდანის დეპოს ტერიტორიაზე თბილისის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, კახა კალაძემ პოზიცია არ შეცვალა და მხოლოდ იმას შეჰპირდა, რომ მათი მოთხოვნების განხილვას 2019 წლიდან დაიწყებდა, მიზეზად კი ბიუჯეტში საკმარისი თანხის არარსებობა დაასახელა.
ამ დროისთვის კი გლდანის დეპოსთან აქცია კვლავ მიმდინარეობს. მემანქანეები მესამე დღეა, შიმშილობენ. აქციის მონაწილეების თქმით, აქციები გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
მეტროს მემანქანეები 4 ივნისის დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მეტროსადგურების მუშაობის აღდგენამდე ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.
თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა, კახა კალაძემ არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.