ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ვაკო ნაცვლიშვილი მერიის თანამშრომელთა ხელფასბზე ინფორმაციას აქვეყნებს

იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე სოციალურ ქსელში წერს:

“მთელი დღეა, თავს ვიკავებ, თბილისის მერიის თანამშრომელთა ხელფასებზე დავწერო.

მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ მერიის ცბიერი სტრატეგია მუშაობს; მეტროს მემანქანის ხელფასს ხან სასწრაფო დახმარების მუშაკისას ადარებენ, ხან ბიბლიოთეკარის. ამიტომ უნდა ითქვას.

დავიწყოთ ზუსტი მონაცემებით. მერის მოადგილეებმა 2016 წელს სამსახურებრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის სახით მიიღეს დაახლოებით 72-72 ათასი ლარი. საშუალოდ – თვეში 6 ათასი ლარი.

ცოტა ნაკლებია სამსახურის უფროსების ანაზღაურება. მაგალითად, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა 2016 წელს დაახლოებით 64 ათასი ლარი მიიღო. საშუალოდ – თვეში 5,300 ლარი. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში დასაქმებული ადამიანების ხელფასი საშუალოდ 2100 ლარია; ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომელთა საშუალო ხელფასი – 2400 ლარი.

ახლა 2018 წელი. საკრებულოს დამტკიცებული მერიის საშტატო ნუსხის მიხედვით, 2018 წელს, მერის პირველი მოადგილის ხელფასი არის თვეში 6300 ლარი, ხოლო მოადგილეების – 6150 ლარი; მერიის ადმინისტრაციის უფროსსა და საქალაქო სამსახურის უფროსებს 5000 ლარი აქვთ, მერის აპარატის სამსახურის ხელმძღვანელებს – 3500 ლარი; უფროსი სპეციალისტების ხელფასი 1900-2800 ლარს შორის მერყეობს; უმცროსი სპეცილისტისა, როგორც წესი, 1200 ლარია. ეს ხელფასები არ მოიცავს პრემიებსა და დანამატებს. ეგ გადასამოწმებელია.

მეტროს მმართველი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის ხელფასი ერთ თვეზე ცოტა მეტ პერიოდში, როგორც უკვე ითქვა, 13 ათასს ლარს აღემატება. კომპანია სხვა თანამშრომელთა ხელფასებს არ ასაჯაროებს, მაგრამ დარწმუნებული იყავით, თბილისის მერიის ხელფასებს აღემატება”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, მეტროს მემანქანეების ხელფასი მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო და კვლავაც რჩება – ვიზრუნოთ თბილისის ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც გაიზრდება და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრებისა და შრომითი პირობები. ცხადია, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაუმჯობესოთ ეკონომიკური ვითარება და დასაქმებულთა შრომითი მდგომარეობა.
რაც შეეხება მეტროს მემანქანეთა არსებულ ხელფასებს, მე ხელთ მაქვს დოკუმენტი, სადაც მოცემულია მეტროს მემანქანეებზე დარიცხული სარგოსა და სხვადასხვა დანამატის ოდენობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა ხელფასებზეა საუბარი, რომელიც მეტია ვიდრე პატრულის თამაშრომლის ხელფასი, რომელიც მეტია ვიდრე სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის ხელფასი, მეტია ვიდრე მაშველების, მეხანძრეების ხელფასები.

ვფიქრობ, მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს რა ხდებოდა მოლაპარაკებების პროცესში – საკუთარი შრომითი უფლებების ეგრეთ წოდებული დამცველები მიგვითითებდნენ, გვიყენებდნენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%-იანი ზრდა მომხდარიყო მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდის ხარჯზე. ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია სოციალური დახმარებების ანუ სუბსიდირების ან თუნდაც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ხარჯზე.

მე, როგორც თბილისის მერი, არ დავუშვებ მერიის სტრუქტურებში ხელფასების მატება მოხდეს მეტროს საფასურის ზრდის ან სოციალური ჯგუფების სუბსიდირების შემცირების ხარჯზე.

მინდა შეგახსენოთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემანქანეებს დროებით შეზღუდული აქვთ გაფიცვის უფლება. ამდენად, მათი მხრიდან ადგილი აქვს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.

მინდა შევაჯამო ჩემი განცხადება და კიდევ ერთხელ განვმარტო:

მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას;
მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების.

მემანქანეთა გაფიცვა ეწინააღმდეგება სასამართლოს გადაწყვეტილებას.

და ბოლოს, მინდა ბოდიში მოვუხადო თბილისის მოსახლეობას მეტროს მემანქანეების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

4 ივნისიდან თბილისის მეტროპოლიტენი გაჩერდება, – ამის შესახებ მეტროს მემანქანეების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, “ერთობა 2013”ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის სასამართლოს პირველ გადაწყვეტილებას ემორჩილება, რომლის მიხედვით, მემანქანეთა გაფიცვა 1 თვით გადაიდო.

რაც შეეხება სასამართლოს მოერე გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, მემანქანეების გაფიცვა უვადოდ გადაიდო, რატი კაპანაძე ამბობს, რომ არ ემორჩილება.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

იტვირთბა....