პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა მეტროს მემანქანეების გაფიცვას სოლიდარობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს.
“პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა სოლიდარობას ვუცხადებთ მეტროს თანამშრომლების კანონიერ და სამართლიან მოთხოვნებს.
მშრომელთა გაფიცვა არის სრულიად ლეგიტიმური და მცდელობა, ამ პროცესების დისკრედიტაციისა, მიმართულია მთლიანად დასაქმებულთა თავისუფალი ორგანიზების წინააღმდეგ.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ გაფიცვის აკრძალვის უკანონო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
აუცილებელია ყველამ გააცნობიეროს, რომ ქვეყანას ამოძრავებენ სწორედ მშროლმელები, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს დილას მეტროპოლიტენის თანამშრომლები გაიფიცნენ და მეტრო არ მუშაობს. მეტროს თანამშრომლების თქმით, მათ ყველა გზა სცადეს საკუთარი მოთხოვნების დასაყენებლად, ბოლოს კი იძულებული გახდნენ გაფიცულიყვნენ.
„ჩემი ცხოვრების ნახევარს მიწაში ვატარებთ, როგორც შახტიორები ისეთ მდგომარეობაში ვართ, ასე არ შეიძლება უნდა მიხვდეს ადამიანი, ის ახლა ხალხთან ერთად უნდა იდგეს ასე არ ეიძლება“-ამბობს მეტროპოლიტენის თანამშრომელი ნანა გეწაძე.
მეტროს მემანქანეების უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს. ადვოკატის ლინა ღვინიანიძის განცხადებით, დავის გადასაწყვეტად აუცილებელია მოლაპარაკებები დაიწყოს მემანქანეებს, კომპანიასა და მერიას შორის.
“სხვა არჩევანი დამსაქმებელს არ აქვს. დედაქალაქის მერია უნდა აცნობიერებდეს და იცოდეს რა არის გაფიცვის უფლება. გაფიცვის დროს ამგვარი მოქმედება არის კანონით დაცული”-ამბობს ღვინიანიძე.

