ამ წუთებში, მთავრობის კანცელარიაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. პრემიერის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ კვირიკაშვილი ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და მათ ადვოკატებს შეხვდება. თადუმაძე ამბობს, რომ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს. ასევე დახურულ შეხვედრას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრება.
გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.
სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.