ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი, რომელსაც საქართველომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი განუცხადა, თბილისში მიმდნარე საპროტესტო აქციებს ეხმიანება და მწუხარებით აღნიშნავს, რომ “საქართველო აპროტესტებს, ჩეჩნეთი კი დუმს”.
“აქცენტი” ვიდეომიმართვის თარგმანს გთავაზობთ:
“საქართველოსთვის საპროტესტო აქციები უცხო ხილი არ არის, ჩვენ ყველანი მიჩვეულები ვართ იქ საპროტესტო გამოსვლების ხილვას. თუმცა ბოლო დღეების აქციები მაინც განსაკუთრებულია და აი, რატომ: ეს გამოსვლები საქართველოს ორი მოქალაქის, ორი მოზარდის მკვლელობით, ამ საქმის უსამართლო გამოძიებით არის გამოწვეული და ამაზე სწორედ სამოქალაქო საზოგადოება რეაგირებ., ანუ, ცოცხალი საზოგადოება დაუყოვნებლივ რეაგირებს თავისი ძმების, დების, მამების, შვილების მკვლელობაზე…
ახლა ვნახოთ, როგორ ვრეაგირებთ ჩვენ – ჩეჩნები [მოჰყავს ჩეჩნეთში სამოქალაქო პირთა მკვლელობის მაგალითები]. ადამიანებს საკუთარი სახლებიდან იტაცებს მილიცია, მიჰყავს განყოფილებაში, აწამებს, მერე ცხედარს უბრუნებს მშობლებს და აფრთხილებს, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩუმად დაკრძალონ. კადიროველებს ათობით ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ოფიციალურად დადასტურებულია მხოლოდ ბოლო პერიოდის განმავლობაში 27 ადამიანის ასეთი მკვლელობა. ბევრი ცხედარი ოჯახებს არც უბრუნდება, უბრალოდ ქრება. მოკლულია არაერთი უფლედამცველი, მათ შორის – ფეხმძიმე ქალბატონი… ამ დანაშაულებზე პასუხი არავის უგია, არ დასჯილა არც ერთი კადიროველი. თანამდებობიდანაც კი არავინ გაუთავისუფლებიათ. ადამიანები დახოცეს, გააქრეს და თითქოს არაფერი მომხდარა: ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ ხალხი დუმდა, გროზნოს ცენტრალურ მოედანზე ერთი ადამიანიც კი არ გასულა! ჩვენთან საპროტესტო აქციები არ იმართება, ქუჩაში არავინ გადის. ამიტომაც კადიროვის რეჟიმი, რუსეთის დამნაშავე ხელისუფლება აგრძელებს და გააგრძელებს კიდეც ჩვენს და ჩვენი შვილების მკვლელობას, დამცირებას, წამებას, ჩვენთვის საქმეების შეკერვას და სრულიად უდანაშაულო ადამიანების ციხეებში გამომწყვდევას, საკუთარი სახლებიდან ან საერთოდაც რესპუბლიკიდან გაყრას! ყრიან ჩეჩნეთიდან და რუსეთიდანაც არასასურველ ადამიანებს და მთელ ოჯახებს. სხვანი უკანონო დევნას თავად გაურბიან. თუნდაც ერთი ადამიანის მკვლელობის შემდეგ რომ გავსებულიყო გროზნოს ცენტრალური მოედანი ისე, როგორც თბილისის ცენტრალური გამზირი ივსება, დარწმუნებული ვარ, კადიროველების მხრიდან წამებასა და დახვრეტას ბევრი ადამიანი გადაურჩებოდა! ყველას ხომ ვერ ჩაამწყვდევდნენ ციხეში – ყველასთვის ადგილი არ ეყოფოდათ და ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, უკან დაეხია და შეეცვალა თავისი დანაშაულებრივი მიდგომა ხალხის მიმართ. მათ შეეშინდებოდათ ჩვენი, ისე, როგორც ახლა საქართველოში ხელისუფლებას ეშინია ხალხის ძალის. მაგრამ ჩვენ ვდუმვართ, ამიტომაც ჩვენი არავის ეშინია…
მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ქართველ ხალხს, ვუსურვებ მას, საწადელს მიაღწიოს, დაიცვას საკუთარი უფლებები, შეცვალოს საკუთარი მდგომარეობა უკეთესობისკენ. ძალიან ბედნიერი ვარ თქვენს გამო, ქართველებო, თქვენ მაგალითი ხართ მთელი კავკასიისთვის – მაგალითი იმისა, როგორ იბრძოლო საკუთარი, საკუთარი შვილების, დების, ძმების, მშობლების უფლებების დასაცავად! წარმატებებს გისურვებთ, ქართველებო და ძალიან მცხვენია ჩეჩნების გამო. იმედი მაქვს მხოლოდ, რომ ოდესმე ჩვენც გავიზრდებით თქვენს დონემდე და ჩვენს ხელისუფლებას – როგორიც არ უნდა იყოს იგი, თუნდაც საოკუპაციო – ჩვენი შიში ექნება. ჯერჯერობით კი, სამწუხაროდ, ჩვენი შვილების დაკრძალვას გავაგრძელებთ” – აცხადებს ტუმსო გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
თარგმანი: accent.com.ge