ამ წუთებში, კანცელარიაში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივიდა. მისი თქმით, მან მიიღო კვირიკაშვილის შეთავაზება და მოკლული არასრულწლოვანების დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მშობლების შეხვედრას დაესწრება. ლომჯარია ამბობს, რომ არ იცის ზაზა სარალიძე ვისთან ერთად მივა. ლომჯარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ორივე გარდაცვლილის მშობლები პრემიერთან შეხვედრაზე თანხმაა. სახალხო დამცველი ამბობს, რომ სარალიძის გადასაწყვეტია შეხვედრაზე ვისთან ერთად მივა. ომბუდსმენის განცხადებით, მისი დიდი სურვილია, რომ ეს შეხვედრა შედგეს და გარდაცვლილის მშობლებმა მიიღონ გამოძიების შესახებ ის ინფორმაცია, რისი მიწოდებაც კვირიკაშვილს სურს.
არსებული ინფორმაციით, აქცია სახელწოდებით “ნუ მომკლავ” მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს 14:00 საათზე უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ სწორედ დაანონსებულ აქციას უკავშირდება პოლიციის მობილიზებაც.
გუშინ დღის ბოლოს, თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა.
მათ სურთ გიორგი კვირიკაშვილს უშუალოდ გააცნონ მისი გადადგომის შესახებ დაყენებული ულტიმატუმი.
სარალიძის მოთხოვნას კვირიკაშვილმა დღეს უპასუხა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრი მზადაა შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს, “პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების” გარეშე.