ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროს მემანქანეები ამბობენ, რომ კალაძემ იცრუა და მასთან შეხვედრას ითხოვენ

ინფორმაცია, რომ მემანქანეებს მაღალი ხელფასი აქვთ, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ მემანქანეები დღეს გამართულ აქციაზე აცხადებენ.

აქციზე, სადაც მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ მათი ფიქსირებული ხელფასი 1000- 1060 ლარია, თუმცა ხელზე 800 ლარამდე იღებენ. ისინი თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და ამბობენ, რომ კახა კალაძის მიერ, დღეს მოყვანილი ციფრები, ტყუილია.

გარდა ამისა, მემანქანეები ამბობენ, რომ მერმა მაშინაც იცრუა, როცა განაცხადა, რომ ისინი მეტროს ტარიფის მომატების ხარჯზე ითხოვენ ხელფასების ზრდას. მათი ინფორმაციით, დღეს მემანქანეთა ხელფასი საათსი 6 ლარი და 92 თეთრია. ისინი ითხოვენ, რომ 10 ლარამდე გაიზარდოს დღეს ფიქსირებული ანაზღაურება.

“მიკვირს რატომ ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს მაღალი ხელფასი გვაქვს. ბატონო კახი, პირადად მობრძანდით და დაწვრილებით მოგიყვებით. ჩვენგან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ ტარიფის ზრდის ხარჯზე მოგვიმატეთ ხელფასი. საიდან მოგაქვთ?! ჩვენ არ გვიხარია გაფიცვა, მაგრამ იძულებული ვართ. რამდენი წელი გავიდა უკვე რომ ხელფასზე ვსაუბრობთ?! 2013 წლიდან ამაზე ვსაუბრობთ. დღეისათვის მემანქანის ხელფასი შეადგენს საათში 6 ლარსა და 92 თეთრს, ვითხოვთ 10 ლარამდე გაზრდას”,- განაცხადა ემზარ ბარბაქაძემ.

დღეს, მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ. მეტროს გაფიცვის გამო, ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, ავტობუსები გადავსებულია და ისინი ვერ ახერხებენ მასში ასვლას და შეუფერხებლად გადაადგილებას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მემანქანეთა ხელფასი მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.

“მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას;
მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების”- აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....