ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვიცე მერი: შესაძლოა, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შესაძლებელია, მეტროს მემანქანეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მისი თქმით, დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი და სასამართლოს გადაწყვეტილება.

„რა თქმა უნდა, შესაძლოა, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ეს არის სამართლებრივი საკითხი. მათი მხრიდან დარღვეულია კომპანიის შინაგანაწესი, კანონი, სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება, იქნება ეს დისციპლინური პასუხისმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება თუ სხვა ღონისძიებები, ამას ცოტა მოგვიანებით გაცნობებთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

დღეს, მეტროს მემანქანეები გაიფიცნენ. მეტროს გაფიცვის გამო, ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, ავტობუსები გადავსებულია და ისინი ვერ ახერხებენ მასში ასვლას და შეუფერხებლად გადაადგილებას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მემანქანეთა ხელფასი მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.

“მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას;
მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების”- აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....