ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ბარათაშვილის ქუჩამდე და მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გადასასვლელ ხიდამდე დროებითი მარშრუტები დაინიშნა

თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე – მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.

ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა, თუმცა სასამართლომ მათ 1 თვით გადაუვადა გაფიცვის თარიღი, შემდეგ კი სამუშაო საათებში გაფიცვა უვადოდ აუკრძალა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არა ერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.

მეტროს გაფიცვის გამო, ქალაქში მოძრაობა პარალიზებულია. როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ, ავტობუსები გადავსებულია და ისინი ვერ ახერხებენ მასში ასვლას და შეუფერხებლად გადაადგილებას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მემანქანეთა ხელფასი მეტია ვიდრე პატრულის თანამშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებია.

“მემანქანეთა მოთხოვნა მათი სახელფასო სარგოს 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით, ნიშნავს მეტროს საფასურის ავტომატურ ზრდას;
მემანქანეთა ხელფასები, რომელიც დარიცხვით შეადგენს 1400-1800 ლარს, გაცილებით მაღალია, ვიდრე პედაგოგების, სასწრაფოს დახმარების ექიმების, პატრულის თანამშრომლების, მეხანძრე-მაშველების ხელფასები და თავად მეტროს სხვა თანამშრომლების”- აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....