მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში რუსთაველის წინ მიმდინარე ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად დაწყებულ და ახლა უკვე პოლიტიკურ აქციას ეხმაურება.
“წუხელ რუსთაველზე ისევ გაისმა-ზვიადი!..
90-იანი წლები გამახსენდა, მაგრამ იმდროინდელი სიბნელე მერჩივნა, დღევანდელ წყვდიადს!..
ტრაგედიას უფრო დიდ ტრაგედიას ნუ დავამატებთ-ნუ ვქმნით ცრუგმირებისაგან გმირებს!..”, – წერს მამა პეტრე.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია #ნუმომკლავ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით, ის პოლიტიკურ აქციად იქცა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კუპრავაა. სწორედ კუპრავას სახელს სკანდირებდა ხალხის გარკვეული ნაწილი.
სამი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.