ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-ში გამოკითხვაზე 51-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებელი იმყოფება ​

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში დღესაც გრძელდება. ამ წუთებში ორი პირი იკითხება, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია, მეორე #51-ე საჯარო სკოლის პედაგოგი. დღის განმავლობაში იგეგმება სხვა პირთა დაკითხვაც.

შსს-ში გუშინ 5 არასრულწლოვანი და ერთი პედაგოგი გამოიკითხა, თუმცა მათ დეტალებზე არ უსაუბრიათ რადგან გაუთქმელობის შესახებ პირობა აქვთ დადებული.

„უბრალოდ იმ სიტუაციაში იყო, მაგრამ თვითონ მკვლელობის შემსწრე არ იყო ნამდვილად. იქ ჩხუბის დროს იმ წამს იქ არ იდგა. მოშორებით იდგა. რაც ჰქონდა ინფორმაცია აქამდე მას იგივე ინფორმაცია აქვს ახლაც. რაღაც ისეთი ინფორმაცია, რომ ჰქონდეს მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა თავიდანვე გააჟღერებდა,“-განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვანის წარმომადგენელმა.

სამი დღის წინ,  ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....