ალეკო ელისაშვილი რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის სანახავად მივიდა. ელისაშვილი სარალიძეს ვერ შეხვდა, ვინაიდან სარალიძე ამ წუთებში რუსთაველზე არ იმყოფება და ელისაშვილის ინფორმაციით, მისი მობილური ტელეფონიც ამ დროისთვის გამორთულია.
როგორც ელისაშვილი ამბობს, სარალიძეს ამ დღეების განმავლობაშიც მოუწოდებდა, გვერდიდან ჩამოეშორებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, მათ შორის ზვიად კუპრავაც, რადგან ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ადამიანის გულწრფელ ტრაგედიასა და ტკივილს საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის იყენებენ.
„მინდოდა მისი „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დახსნა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს კაცი პირდაპირ მძევლად აიყვანა, მის ტკივილს და ტრაგედიას აშკარად იყენებს იმისთვის, რომ რევოლუცია დაიწყოს და მოაწყოს ჩემი აზრით, ეს არის დაუშვებელი და ძალიან დიდი უსინდისობა. რეალურად მთლიანად გაიფანტება ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, გამოძვრეს ამ სიტუაციიდან.
თუკი რაიმე ჭკუა აქვთ „ქართულ ოცნებაში“, მინდა მათ კატეგორიულად მივმართო – „ქართულმა ოცნებამ“ დღის ბოლომდე დაასახელოს მთავარ პროკურორად შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე და არავინ სხვა. ტვინს აურევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაზა სარალიძეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამით დასრულდება“, – განაცხადა ელისაშვილმა.
სამი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.