ზაზა სარალიძის გადაწყვეტილებით, შეიქმნება სამკაციანი ნდობის ჯგუფი – ეს განცხადება ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა.
ზვიად კუპრავას თქმით, ზაზა სარალიძის გარემოცვის წევრებისგან შემდგარი ჯგუფი შეხვდება შსს-ს წარმომადგენლებს.
ნდობის ჯგუფის წევრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ უნდა გაარკვიონ, თუ რა ოპერატიული ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა გუშინ უწყებამ ცნობა, რომ ზაზა სარალიძის უსაფრთხოება არ არის დაცული.
„მე მინდა, მივმართო შსს-ს და გახარიას, რადგან ისინი ამბობენ, რომ ზაზას მიმართ არის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ რაღაც ინფორმაცია და აქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ძალიან მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებენ… ჩვენ მივმართავთ სამინისტროს, რომ გამოვყოფთ 3-კაციან ნდობის ჯგუფს, ძალიან ახლო გარემოცვას ზაზას, საორგანიზაციო ჯგუფიდან და გნებავთ იქით ვეახლებით შსს-ს ან თავის წარმომადგენელი მოავლინოს ჩვენთან და ჩვენ ამ საფრთხეების შესახებ გვითხრას, რათა ჩვენ შევაფასოთ ეს საფრთხეები, შევაფასოთ ასევე, რამდენად რეალისტურია ან არარეალისტურია,“ – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
ზვიად კუპრავამ ასევე მოუწოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ გადაცემაში მონაწილეობისთვის ზაზა სარალიძის უსაფრთხოება უზრუნველყოს.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო. ამ გადაწყვტილებას ზაზა სარალიძის მხრიდან აქციების დაწყება მოყვა. მან მოსახლეობას მოუწოდა, რომ გვერდით დადგომოდნენ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.