ზაზა სარალიძემ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მიმართა და განაცხადა, რომ მას მოსალაპარაკებლად რამოდენიმე ადამიანი გაუგზავნეს და ამით კიდევ ერთხელ შეაფურთხეს სულში.
„აქ ვხედავ ისეთ პლაკატებს-„არა პარტიულობას“. ეს პირადად ჩემი შვილის შეურაცხყოფაა. აქ პოლიტიკური პარტია არაფერ შუაში არ არის გთხოვთ ასეთი პლაკატებისა და ასეთი ხმაურისგან თავი შეიკავოთ. ძალიან გთხოვთ.
ჩვენს რიგებში თუ არიან პოლიტიკური პარტიები მე მათ ვუყურებ,როგორც საქართველოს მოქალაქეებს,
მე არ ვიცი ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ შვილმოკლულ ოჯახებს პოლიტიკურ პარტიებთან. ძალიან მიმძიმს ასეთი განცხადების გაკეთება, მაგრამ იძულებული გამხადა სისტემამ მე დღეს და სისტემის მფარველებმა,“- მიმართა ზაზა სარალიძემ შეკრებილებს.
მისი თქმით, მას და ყველა შვილმოკლულ მშობლებს დღეს კიდევ ერთხელ შეაფურთხეს სულში, რადგან სისტემის მფარველებმა მასთან მოლაპარაკებისთვის რამდენიმე ადამიანი გამოუგზავნეს
„თითქოს მათ შექმნეს რაღაც ჯგუფები რომლებიც დაიწყებენ გამოძიებას, გამოძიება აღარ არსებობს, მოწმეები აღარ არსებობს, მტკიცებულებები აღარ არსებობს, გამოძიება ვეღარ ჩატარდება. კიდევ უნდათ რომ მომატყუონ მე ამას არ დავუშვებ.
ბედნიერი ვარ იმით, რომ საქართველოს შვილები ერთად ვიბრძვით რელიგიური მრწამსი და პოლიტიკურობის მიუხედავად მე ყველა გიყურებთ როგორც ჩემს დებსა და ძმებს, შვილებს.
არცერთი დამნაშავე პირი, რომელის სრული საფუძველი აქვთ,რომ დაკავებული იყოს არ აპირებენ არაფერს. არ აპირებენ იმიტომ,რომ სისტემის მფარველმა მთავრობამ ომი გამოგვიცხადა და არ აღელვებთ ჩვენი მომავალი.
პირადად მოვითხოვ მთავრობა გადადგეს…დაუყოვნებლივ გამოვიდეს კვირიკაშვილი და გააკეთოს განცხადება გადადგომაზე და არა მარტო კვირიკაშვილმა, მისმა არჩეულმა მთავრობამ. ყველამ აბსოლუტურად.“-განაცხადა სარალიძემ.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.