ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კალაძე: არეულობის უფლებას არ მივცემთ, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში

დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობა აქვთ, თუმცა ხელისუფლება კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

„ჩვენ ვხედავთ და აშკარად ჩანს, რომ კონკრეტული ძალების მხრიდან ხდება ამ თემით მანიპულირება, რაც ძალიან სამწუხაროა. ცდილობენ დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში, მინდა ვუთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ რა თქმა უნდა, თავისუფლების და აზრის გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველას აქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ იმ ძალებს, ვისაც სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, არეულობა შემოიტანონ, ამის უფლებას არავის მივცემთ.

ხელისუფლება იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. პრემიერი იქ მისული იყო იმისთვის, რომ გამოეთქვა თანადგომა ზაზას მიმართ, მაგრამ იქ მდგომმა ადამიანებმა არ მისცეს ამის შესაძლებლობა. მათი დამოკიდებულება როგორც მოიქცნენ, ამით გამოაშკარავდა ყველაფერი, ვის როგორ უნდა გამოიყენოს ეს ტრაგედია. თუმცა ჩვენ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმ ადამიანებს, ვისაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ამ ოჯახის ტრაგედია გამოიყენონ“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....