პარლამენტის შენობასთან მყოფი, მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ის აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქართველ ხალხს. სარალიძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ მივა აქციაზე, შოთაძის უწყებიდან, გახარიასი თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან. ის ეძახის საქართველოს მოსახლეობას, რომლებსაც სამართლიანობის აღდგენაში დახმარებას სთხოვს.
“როგორც ადამიანები გვერდით ისე დამიდექით. არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ვინ იქნებით. ნუ ლახავთ ჩემს ღირსებას და ნუ ავრცელებთ სიცრუეს. ნუ აკეთებთ ამას, რომ რომლიმე პოლიტიკური პარტიები გვერდით დავიყენე. სირცხვილია, მოდით მმართველი გუნდიდან დამიდექით გვერდით, მაპოვნინეთ შვილის მკვლელი”,-აცხადებს სარალიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.