ამ წუთებში ზაზა სარალიძის და სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეხვედრა დასრულდა. ჟურნალისტებთან გამოსულმა სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ის იქნება შუამავალი, რათა საგამოძიებო უწყებებამდე სარალიძის სათქმელი მიიტანოს. ლომჯარია ამბობს, რომ სარალიძეს გამოძიების მიმართ იმედი აქვს დაკარგული და ამიტომ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ლომჯარია ფიქრობს, რომ აუცილებელია, ყველა გაერთიანდეს და ყველა საეჭვო კითხვებზე პასუხის გაცემა მოხდეს.
“გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის რომ ყველა უწყებასთან მისი სათქმელი მივიტანო. ამის მიტანა მიტინგების საშუალებით, რთულია. ამიტომ ყველა საეჭვო დეტალებს მივიტან უწყებებამდე და მისი შუამავალი ვიქნები. სარალიძეს პოლიტიკური მოთხოვნები აქვს, რადგანაც მას ნდობა აქვს დაკარგული. მე მიმაჩნია, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს ისე, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაეცეს. მე ვაპირებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წრამომადგენლებთან კომუნიკაცია მქონდეს და გამოძიების შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მივიტანო.
ის გარემოებები რაზეც სარალიძე საუბრობს, მიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ გარკვეული დეტალები გამოძიებული არ იყო ან განზრახ, ან გულგრილობით ან დაუდევრობით. მე პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, თუმცა გამოძიება უნდა დაიწყოს, მოხდა თუ არა მკვლელობის სათანადო გამოძიება. რაც შეეხება გენერალური პროკურორის დანიშვნას, ეს ყველაფერი საზოგადოებრივი ჩართულობით უნდა მოხდეს. პროკურორი ნეიტრალური და ობიექტური კანდიდატი უნდა იყოს. ნებიმიერ გაერთიანებას შეუძლია, რომ იუსტიციის მინისტრს პროკურორის კანდიდატურა შესთავაზოს”,-განაცხადა ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.
მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.
მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.