ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

წიქარიშვილი: “ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ”

“თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მთელი ცხოვრება შორიდან მომზირალ მეგობრებს ვაკრიტიკებ მაგრამ ვეღარ ვითმენ ამიტომ დავწერ.

ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ, ისინი მხოლოდ შეჭამენ გულწრფელ ტკივილს და ნაცვლად საკუთარ ნაგავს დაყრიან. ყველა ადეკვატური მოქალაქის ვალდებულებაა ახლა ეს პროცესი კლოუნადისგან ვიხსნათ.

მოქმედი ოპოზიციით შევსებულ საპარლამენტო კომისიას ალბათ სჯობდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო მოგვეთხოვა, გაიძვერა პოლიტიკოსების ნაცვლად მაღალი სანდოობის მქონე პირებისგან დაგვეკომპლექტებინა და თუ სისტემის დანაშაულებზე ვსაუბრობთ, ხორავას ტრაგედიასთან ერთად (რომელშიც ჩვენი, ეთიკურობისა და მორალურობისგან დაცლილი ქართული ოჯახებისა და საზოგადოების ბრალეულობაც უნდა ამოვიკითხოთ), უნდა მოვითხოვოთ ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ამირან კვირიკაშვილის, პაატა პავლიაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ფენტანილგარეული ნივთიერებებით დახოცილი ახალგაზრდებისა და სხვა ტრაგიკული საქმეების ხელახალი, ღია და მიუკერძოებელი გამოძიება.

მერწმუნეთ, ამ აქციებით იმაზე სასარგებლოს ვერაფერს ვიზამთ, თუკი სარალიძეებთანდა დადუნაშვილებთან ერთად მაჩალიკაშვილების ტკივილსაც შევამსუბუქებთ, ჩვენს პანკისელ დებსა და ძმებს ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას დავუმტკიცებთ, ამას ხაზგასმა არც უნდა სჭირდებოდეს!”- წერს ბექა წიქარიშვილი.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....