ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შევთანხმდით რომ ეს აქცია არის არაპოლიტიზირებული, ზეპარტიული”: ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა

“ლეიბორისტული” პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულდა. პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ შვილმკვდარი მამის ტრაგედიას არავინ გამოიყენებს პარტიული ინტერესებისთვის. მისი განცხადებით,  ოპოზიციის მიზანი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, თუმცა ამას ოპოზიცია არ ურევს შვილმკვდარი მშობლების გვერდით დგომასა და თანადგომაში.

„შევთანხმდით რომ ეს აქცია არის არაპოლიტიზირებული, ზეპარტიული. სამომავლო სტრატეგია ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კანონმდებლობის გასწორებას, ყველა ამ საკითხზე ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა რაც შეიძლება მალე დავამთავროთ ბანკირთა თარეში,“- აცხადებს ნათელაშვილი.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში იყვნენ შეკრებილები. ისინი არსებულ მდგომარეობაზე და პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მსჯელობდნენ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

იტვირთბა....