ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს

ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს და ამბობს, რომ  მან კანონმდებლობის თანახმად პროკურორობის სამი კანდიდატი უნდა წარადგინოს.

„სამარცხვინოა, რომ აქამდე ქვეყნის სამარცხვინო იუსტიციის მინისტრი, იურიდიული საზოგადოების სირცხვილი ზის და ტელევიზიიდან უყურებს როგორი უბედურება ხდება, მაგისი მოღვაწეობის შედეგია მურუსიზაცია ქვეყნის, ჩინჩალიზაცია,“ – განაცხადა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს.

“წულუკიანი 4 საათამდე თუ არ წავიდა, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ფეოდალის ზარს ელოდება,” – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატი იურისტებს მოუწოდებს, რომ თეა წულუკიანის მიერ გამართულ კონსულტაციებში მონაწილეობა არ მიიღონ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....