ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

კვაჭანტირაძე: “იმედია, სარალიძე გაანალიზებს რა ხდება მის ირგვლივ, რითი დაიწყო და სად მიჰყავთ იგი”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაზე სოციალურ ქსელში გუშინდელ აქციას ეხმაურება.

“გამწარებული კაცის მოქმედებების პროგნოზირება ძნელია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ზაზა სარალიძე კიდევ გაანალიზებს იმას თუ რა ხდება მის ირგვლივ, რითი დაიწყო და სად მიჰყავთ იგი.

ყველა დამნაშავე გამოვლინდება მალე და დაისჯება მკაცრად, მაგრამ იმ საბედისწერო ჩხუბის ყველა თვითმხილველი არის პასუხისმგებელი, ვიდრე ხმას არ ამოიღებენ და სიმართლეს არ იტყვიან და რასაც ვუყურებ, ერთი მოწოდებაც არ გაჟღერებულა აქციაზე მათ მიმართ, ვისაც შეუძლია დათო სარალიძის მკვლელები ხვალვე გამოავლინოს. სამაგიეროდ, ალალი გამომსვლელების გვერდით ბევრი სიყალბეც, ბევრი ტყუილიც ისმის, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს – პატარა ბიჭის მკვლელობაზე ბინძური კამპანია ააგორონ და ამ გზებით მიაღწიონ დესტაბილიზაციას და არეულობას. არ გამოვა, არა”, – წერს კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....