ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ჩემი მეუღლე შვილს ელაპარაკება, იცი შენ ეს რას ნიშნავს?” – ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს. “მე დავანგრევ ამ სისტემას, ან მომკალით, რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება”, – წერს ის.
სარალიძე იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავს და აცხადებს, რომ 6 თვეა დამცირების მეტი არაფერი მიუღია.

„ქალბატონო თეა, 6 თვე ვიხვეწებოდი გვერდით დგომას. პირადად შს მინისტრსაც კი მოვუწოდე, რომ შევხვედროდი და მეთქვა ჩემი გულისწუხილი და სანამ ქუჩაში არ გავედი, მანამ არ ისურვეთ ჩემი შემჩნევა. ახლა თქვენ მიმიწოდებთ მე, რომ ქუჩაში არ არის გადასაწყვეტი? სად იყავით სანამ ქუჩაში გავიდოდი! სად იყავით 6 თვე დამცირების მეტი არაფერი რომ არ მიმიღია! სად იყავით სად!
ექვსი თვე ყოველ ღამე ჩემი მეუღლე ჩემ შვილს ელაპარაკება. იცი შენ ეს რას ნიშნავს? შენობით იმიტომ მოგმართე, ჩემთვის უბრალო ადამიანი ხარ და არა ჩინოვნიკი. მთელმა სისტემამ გადაწყვიტა ჩემი განადგურება. მე დავანგრევ ამ სისტემას ან მომკალით რაც ჩემთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, – წერს ზაზა სარალიძე.
აქცია პარლამენტის შენობასთან დღეს, 16:00 საათზე განახლდება.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა,  შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....