საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “კურიერთან” ირაკლი შოთაძის გადადგომას ეხმაურება.
„ამ სისტემაში სხვანაირად არ იქნება. მინისტრმა დანიშნა თავის ახლო ნათესავი გენერალური ინსპექციის უფროსად, იმის შვილმა მოკლა ბავშვი და ყველა ხელს აფარებს, იმიტომ რომ იმას აქვს ისეთი დავალება შესრულებული ივანიშვილისთვის, რომ იმას ხელს ვერავინ აკარებს. რა შუაშია აქ შოთაძე, ფარცხალაძე, კბილაშვილი და სხვა არარაობები,რომლებიც არიან ამ სისტემაში?- ამათ ხელთათმანებივით იცვლის მაფიოზი.
“რა თქმა უნდა სწორია შოთაძის გადადგომა, მაგრამ შოთაძე ვინ არის? ზუსტად ასე გადააყენეს ფარცხალაძე მისცა ივანიშვილმა ფული და გადასარევად არის მოწყობილი,ზუსტად ასევე მისცემენ შოთაძესაც პენსიაზე ფულს და ივლის გარშემო. რა შოთაძის გადაყენება, ყველა ძველი მოსამართლე არის გასაყრელი, ეს პროკურატურა არის დასაშლელი, იუსტიციის საბჭოს ყველა წევრი უნდა გადადგეს, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ეგრევე უნდა მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები“-განაცხადა სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთაძე გადადგა.