საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მთავარი პროკურორის გადადგომას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე არსებული ეჭვების გამო გადაწყვიტა ირაკლი შოთაძემ გადადგომა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმება.
„დღევანდელი სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება იღებს უმაღლეს პასუხისმგებლობას და თქვენ ნახეთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგა არა იმ პირობებში, როდესაც რაიმე დანაშაული ან რაიმე გადაცდომა არის დამტკიცებული მის მიმართ, არამედ გადადგა იმ პირობებში, როდესაც გაჩნდა გარკვეული ეჭვი გარკვეული ხარვეზების შესახებ გადაცდომების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ საქმესთან. ეჭვი გახდა გადადგომის საფუძველი, ეს იყო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ საქმეში მმართველ გუნდს სუბიექტური ინტერესი არ აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს და აჩვენებს, რომ არსებობს ხარვეზი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.