იუსტიციის მინისტრმა სოციალურ ქსელში ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა:
“ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად.
მათგან განსხვავებით, ვინც ამას ითხოვდა, ვიცი რაზე ვსაუბრობ – მიმუშავია მასთან და ვიცი.
მის ამ გადაწყვეტილებას მე არ ვეთანხმები, იცის, ვუთხარი, არ გაიზიარა.
მსურს, მადლობა გადავუხადო მას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მისი ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურა იჩენდა ყველა სამართლებრივი პროგრესული იდეისა თუ რეფორმის მხარდასაჭერად. ტრაფარეტულად ჟღერს? აბა, მე მკითხეთ შოთაძემდე პროკურატურაზე ამბებს მოგიყვებით ბევრს.
მსურს მადლობა გადავუხადო მას ასევე იმისათვის, რაც მან რამდენიმე წუთის წინ მითხრა – გადავდგები და დაიჯერებენ, რომ მართალი ვარ. იმედი მაქვს მეც.
დამოუკიდებელი სასამართლო გვინდაო. დღეს დამოუკიდებელმა მოსამართლემ პროკურორის პოზიცია ასი პროცენტით არ გაიზიარა და ამიტომ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის „თავი“. ეს სისტემურად არასწორია. რას ვეუბნებით პროკურორებს ამით? – ოდნავ თუ ვინმე მოგეჩვენა დამნაშავედ, დააკავე, აიძულე, მოგცეს ჩვენება, თორემ მოსამართლემ თუ ბრალდებული გაგიმართლა, საზოგადოება შენს თავს მოითხოვს?
ახლა კი მინდა მივმართო საჯაროდ საქართველოს ყველა პროკურორს: მე თქვენ გენდობით. მინდა, გენდობოდეთ მომავალშიც და ამიტომ გთხოვთ, არაფრის ფასად არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ჩვენ ცუდი წარსული გვინახავს ერთად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროგრესის გზაზე სიარული.
ამიტომაც, მანამ სანამ ახალი ხელმძღვანელი დაინიშნება, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ჩვეული სიდინჯე და მიუხედავად ყველაფრისა, გჯეროდეთ, რომ დაზარალებულმა იცის, რამხელა ჯაფა გადგათ. მაგრამ დაზარალებულს არ მოსთხოვოთ, არ ჰქონდეს ემოციები”, – განაცხადა წულუკიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთაძე გადადგა.