ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დავით ჭიჭინაძე: “სანამ ყველაფერს ბოლომდე არ გაეცემა პასუხი, ადამიანებს გაპროტესტების ლეგიტიმური უფლება აქვთ”

დავით ჭიჭინაძემ “მეტრონომთან” საუბრისას ირაკლი შოთაძის გადადგომაზე გააკეთა კომენტარი.

“სანამ ყველაფერს ბოლომდე არ გაეცემა პასუხი, ადამიანებს გაპროტესტების ლეგიტიმური უფლება აქვთ. ეს ხალხი შოთაძის მთავარ პროკურორობას არ აპროტესტებს, ეს ხალხი ამ პროცესის მიმდინარეობას აპროტესტებს. სანამ მათთვის არ იქნება გამჭირვალე პროცესი, მათ ლეგიტიმური უფლება აქვთ, დღევანდელი განაჩენი გააპროტესტონ”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

ახლახანს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთაძე გადადგა.

იტვირთბა....