საქართველსო პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სარალიძის საქმის უკან იკვეთება პოლიტიკური ინტერესები და ამის სათავეში ნიკა გვარამია დგას. – ამის შესახებ განცხადება, ირაკლი კობახიძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობით , „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენს ამ საქმის პოლიტიზირებას. მისი აზრით, გვარამია ადამიანებს პირდაპირ აჯანყებისკენ მოუწოდებს.
“შეგახსენებთ კონკრეტულად ვინ არის ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც კონკრეტულად ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და კონკრეტულად ფუთავდა გირგვლიანის მკვლელობას მაშინდელი ხელისუფლებისათვის. ეს არის უბინძურესი ადამიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი უბინძურესი ლიდერი, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. დღეს ეს ადამიანი, ასევე სხვა წარმომადგენლები “ნაციონალური მოძრაობის”, „რუსთავი 2’ პირდაპირ ჩანს როგორ ნაციონალური მოძრაობის პიარ მანქანა, ისინი პოლიტიკურად ერთვებიან ამ პროცესში და პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესების ნიშნები,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს
რომ არ ყოფილიყო მოკლული ბავშვების საქმე მაშინ შესაძლებელი იქნებოდა პოლიტიკური სპეკულირების თემის გაგება. მან ასევე ზონდერი უწოდა ზვიად კუპრავას. კობახიძის განცხადებით, პროკურატურასთან აქციას სწორედ ზვიად კუპრავა მართავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.