მირზა სუბელიანი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებს. ამის შესახებ სუბელიანმა “რუსთავი2”-ს განუცხადა. სუბელიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საჯარო განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან მისი თქმით, საჯარო განცხადებებმა შესაძლოა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავოს.
“როგორც ჩემთვის ცნობილია შეიქმნა დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და შესაბამისად აღნიშნულ კომისიაზე გავცემ ყველა შეკითხვაზე პასუხს, ჩემი მხრიდან ამ ეტაპზე რაიმე საჯარო განცხადებამ შეიძლება უფრო გაამწვავოს შექმნილი მდგომარეობა, რის გამოც ბოდიშს გიხდით და საჯარო განცხადებებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ,”-განაცხადა სუბელიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.