„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, პროკურატურას საზოგადოებაში ნდობა დაკარგული აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
„მიგვაჩნია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო საქმეზე არასათანადო ზეგავლენის არსებობის შესახებ საზოგადოებაში არსებული კითხვებისთვის დამაჯერებელი პასუხების გაცემა. სასამართლოს მიერ საქმეზე გამოტანილი განაჩენიც იმაზე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა საქმის სრულყოფილად გამოძიება.
საზოგადოებაში წლებია, არაერთი კითხვა არსებობს გახმაურებული საქმეების მიუკერძოებლად და არასრულყოფილად გამოძიების თაობაზე, რაც პროკურატურის მიმართ ნდობის შემცირების მიზეზიც გახდა. პროკურატურას ამჟამად დაკარგული აქვს საზოგადოების ნდობა, ხოლო უწყების დღევანდელ ხელმძღვანელობას არ აქვს ამ ნდობის დაბრუნების უნარი. ამ ვითარებაში, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგეს თანამდებობიდან.“- აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.