ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ხორავას საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მთავარი პროკურორის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს ეხმაურება.
“1. ამ განაჩენით მოსამართლემ პროკურატურას უთხრა რომ რეალური მკვლელი საქმეში არ ფიგურირებს.
2. ეს არ გამორიცხავს დაკავებულების ბრალეულობას, ამიტომაც ისინი დარჩნენ საპატიმროში. უბრალოდ უფრო მეტი, სხვისი ჩადენილი დანაშაული მათ არ შეტენა სასამართლომ.
3. მესმის რატომ არ თანამშრომლობენ არასრულწლოვნები პოლიციასთან. მათ იციან დამნაშავეების გვარიც, ნათესაობაც და ისიც, რომ არცერთი მათგანი არ დასჯილა. შესაბამისად ზუსტად იციან რომ ჩვენების მიცემის შემდეგ სახელწმიფო მათ ვერ დაიცავს.
4. შოთაძის ბრიფინგი დაგვიანებულია მინიმუმ ერთი თვით. ასევე, ძალიან დაგვიანებულია საპარლამენტო კომისია.
5.პროკურატურამ ან უნდა აღიაროს რომ ზაზა სარალიძე მართალია და ისინი მალავენ დამნაშავეს, ან თქვას, რომ დათო სარალიძე ცოცხალია და ის, არავის მოუკლავს.
6. ძალიან არ მიყვარს უზრდელობა, მილიონ ბოდიშს გიხდით, მაგრამ სათქმელს სხვანაირად ვერ გადმოვცემ და ამიტომ პირდაპირ გეტყვით, ერთ ადგილას გაირჭეთ უცხოელი პროკურორები.
7. გადადგეს შოთაძე!”, – წერს ჟორჟოლიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.