ახალი ამბები მთავარი სამართალი

შოთაძე: სარალიძეს მოვუწოდებ, რომ უცხოელ პროკურორებთან ერთად გამოძიებაში ჩაერთოს

ამ წუთებში  პროკურორი ირაკლი შოთაძე საგანგებო პრესკომფერენციაზე განცხადებას აკეთებს, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე  გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, პროკურატურა მას არ ეთანხმება. შოთაძე ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება. მისი თქმით, სააპელაციოში გადაწყვეტილებას პროკურატურა გაასაჩივრებს. პროკურორი ამბობს, რომ ისინი ბრალდების დასაბუთებას სააპელაციოში შეძლებენ. პროკურორი ამბობს, რომ სარალიძის კითხვები გასაგებია და უმნიშვნელოვანესია, რომ ამ კითხვებზე პასუხი მიიღოს. შესაბამისად,  შოთაძე ამბობს, რომ საჯაროდ კითხვების გაჟღერების შემდეგ, მას ჰქონდა სურვილი სარალიძესთან შეხვედრის.  პროკურორი ამბობს, რომ საჯაროდ ამაზე იმიტომ არ საუბრობდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ სურდათ გამოძიებსი დეტალებზე ესაუბრათ.

“ქალაქ ლოზანის სასამართლო საექსპერტო ბიუროსთან შეხვედრა გვქონდა და საქმის  ირგვლივ არსებულ კითხვებზე  ეს საექსპერტო ბიურო დაგვეხმარება, რომ უფრო ამომწურავი პასუხები მივიღოთ.  სამხარაულის ექსპერტიზას კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ, თუმცა ყველა ექსპერტიზა შვეიციარიის საექპსერტო ბიუროში ჩატარდება. მათ ყველა მასალა გადაეგზავნებათ. სარალიძეს მის ადვოკატთან ერთად ნებისმიერ კითხვას შვეიცარიის საექსპერტო ბიურო გასცემს.

სარალიძეს კითხვის ნიშნები გამოძიებასთანაც აქვს. თუმცა გამომძიებლებს დაზარალებულებთან მაქსიმალური კომუნიკაცია ჰქონდათ. შესაბამისად  გადავწყვიტე,  რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გავცეთ, გამოძიებაში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან. ესენი არიან:  სერფ ჯეფრი რაისი, რომელიც სერბეთის ყოფილი პროკურორის საქმეს უძღვებოდა. მოშილაუდი, რომელიც ზედამხედველობდა ისრაელში მიმდინარე  პრემიერის და პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს.  პოლ კაპი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ყოფილი პროკურორი, რომელიც კოსოვოს ყველა სისხლის სამართლის საქმეს ხელმძღვანელობდა.

შესაბამისად,  ეს ჯგუფი მსოფლიოში დიდი ნდობით სარგებლობს და მათი მეშვეობით ყველა საგამოძიებო პროცესი ჩატარდება. სარალიძეს საშუალება მიეცემა მათთან ერთად იმუშაოს. ზაზა სარალიძეს მინდა ვუთხრა, რომ მე არანაირი პასუხისმგებლობას არ ვემალები, თუმცა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, რომ გამოძიებამ და პროკურატურამ სამართლებლივად ყველაფერი გააკეთა. არსებობს სამი ინსტაციის სასამართლო, რომ სრული მართლმსაჯულების  პროცესი აღსრულდეს. ამ საქმის გამოძიებისას, ჩვენ ძალიან ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი.

არსებობდა საგამოძიებო პრობლემები. თქვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ დანაშაული დღისით მოხდა, საქმეზე 100 მოწმეა დაკითხული. მათგან 4-ის  გარადა არავინ არ აძლევს ჩვენებას დანა ვინ გამოიყენა. არცერთი მოწმე არ საუბრობს ვის ეჭირა დანა და ვინ გამოიყენა. 14 მოწმე მოკლული ახალგაზრდები მეგობრები არიან და არცერთი მათგანი გამოძიებას ინფორმაციას არ აწვდის ვის ჰქონდა დანა და ვინ გამოიყენა. მე მზად ვარ პასუხისმგებლობისთვის, მაგრამ საზოგადოებამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. უნდა დაგვეხმარონ გამოძიებაში. ჯერ არ ვიცი სასამართლომ რა გარემოებები მიიღო მხედველობაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმსითვის რომ სიმართლისთვის ბოლომდე ვიბრძოლოთ. ვთხოვ ზაზა სარალიძეს ჩაერთოს უცხოელ პროკურორებთან ერთად გამოძიებაში”,-განაცხადა პროკურორმა პრესკომფერენციაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....