ახალი ამბები მთავარი სამართალი

კობახიძე ხორავას საქმეზე: “იმედს ვიტოვებ, რომ სააპელაციო სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”

ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარის და სხვადასხვა ფრაქციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც განხილვის მთავარი თემა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაა. შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, იმედია მოხდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება და სიმართლეს ნათელი მოეფინება. კობახიძე ამბობს, რომ ძალიან მძიმე დანაშაულია და სასჯელის ადეკვატური უნდა ყოფილიყო. ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ სააპელაციოში გასაჩივრების შემდეგ,  სამართალი მიღწეული იქნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....